სუს-ი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, -ამის შესახებ სუს-ის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, განვითარებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი და მზარდი მილიტარიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადგილობრივების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესი (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება (გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, განვითარებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებისა და იქ განვითარებული პროცესების შესახებ, მუდმივად
აწვდის ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. 2016 წელს გაიმართა დისკუსიების ოთხი შეხვედრა (35-ე, 36-ე, 37-ე და 38-ე). სუს-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა I სამუშაო ჯგუფის (რომელშიც განიხილება უსაფრთხოების საკითხები) ფარგლებში, მიმოიხილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სუს-ი მუდმივად აყენებს რუსეთის საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების1, ადამიანის უფლებების დარღვევის და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხებს.
2016 წლის მაისში ცენტრალური ხელისუფლების, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ძალისხმევით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით (ქ. გალში) ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა IPRM-ის შეხვედრები. გასულ წელს გალში IPRM-ის 6, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფ. ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა.
IPRM-ის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი ე.წ. „ცხელი ხაზი“ 24 საათიანი კავშირის საშუალებას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებს შორის. ცენტრალური ხელისუფლების სახელით, მათთან კომუნიკაციას „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სუს-ის მეკავშირე-ოფიცერი ახორციელებს, რომელიც კავშირზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (ოკუპაციის ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოდგენილი უწყება) და სხვა შესაბამის უწყებებთან. „ცხელი ხაზით“ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. საანგარიშო პერიოდში „ცხელი ხაზი“ 1591-ჯერ ამოქმედდა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები