მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება

„ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს თბილისის მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა, მათ შორის, 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების გახსნის შედეგად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.
თბილისის მერის თქმით, ბაგა-ბაღების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და 2017 წელს, თბილისში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.
„2016 წელს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 დახურული ბაღი აღადგინა, განხორციელდა 2 ბაღის აღდგენა-რეაბილიტაცია, 13 ბაგა-ბაღში კი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხსნა 20 ახალი ჯგუფი და 700-ზე მეტმა აღსაზრდელმა შეძლო დარეგისტრირება. პარალელურად კეთილმოეწყო არაერთი ბაგა-ბაღის ეზო,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 14000-მა აღსაზრდელმა მიიღო მომსახურება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გასული წლის იანვრიდან თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი.
„ალბათ გესმით, თუ რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რამხელა შრომას უკავშირდება ჩატარებული სამუშაოები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის სფერო, რომელშიც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები