ლევან იზორია: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემუშავების ფარგლებში პოლიტიკურ დისკუსიებში თავდაცვის მინისტრი არ ჩაერევა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემუშავების ფარგლებში პოლიტიკურ დისკუსიებში თავდაცვის მინისტრი არ ჩაერევა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.
იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირა.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, პოლიტიკურ დისკუსიებში თავდაცვის მინისტრი არ ჩაერევა. მით უფრო ამ ფორმატში. ბუნებრივია, ჩვენ უშუალოდ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც უწყების კომპეტენციებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებთ და დავაფიქსირეთ კიდეც. გვაქვს ჩვენი წინადადებებიც, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში წარვადგინეთ. რაც შეეხება ფართო დისკუსიას სხვადასხვა უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მთავარსარდლის კომპეტენცია და რა პრემიერის – ეს უკვე ფართო პოლიტიკური განხილვის საგანია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.