კობა ნარჩემაშვილი ირაკლი აბესაძეს: ალბათ არ ხართ საქმის კურსში – პრეზიდენტი რჩება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა ნარჩემაშვილსა და უმცირესობის წევრ ირაკლი აბესაძეს შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
კობა ნარჩემაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება შეუსწორა და არაინფორმირებულობაში დაადანაშაულა.
„ალბათ არ ხართ საქმის კურსში, ბატონო ირაკლი, რაც თქვენ ბრძანეთ, არაფერი ამდაგვარი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში არ ხდება. მთელი სიცხადით მინდა განვაცხადო, რომ პრეზიდენტი რჩება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად, პრეზიდენტი რჩება საომარი მოქმედებების დროს თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელად, გარდა ამისა ღებულობს დეკრეტებს . ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციური ლოგიკისა და საკონსტიტუციო პრინციპების საფუძველზე. რაც შეეხება უშუალოდ სამხედრო ოპერაციების მართვას, რა საკვირველია, ამას ახორციელებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა განახორციელოს უშუალოდ სამხედრო ოპერაციების მართვა? სასესიო სხდომაზე, როდესაც პრეზიდენტი იყო მობრძანებული, ქალბატონ ხათუნას ჰქონდა სამწუხარო მცდელობა, რომ მოსახლეობა და დეპუტატები შეცდომაში შეეყვანა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ირაკლი აბესაძის მისამართით.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ. სხდომის მიმდინარეობისას ირაკლი აბესაძემ მინისტრის მისამართით კითხვა დასვა – რჩება თუ არა მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს მთავარსარდლად, მაშინ როდესაც მას მთავარსარდლობის ფუნქციები აღარ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები