საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქორწინების დეფინიცია კიდევ უფრო კონკრეტდება

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქორწინების დეფინიცია კიდევ უფრო კონკრეტდება. მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით, სახალხო განხილვაა ჩატარებული და მოსახლეობა ქორწინების სწორედ ამგვარ განსაზღვრას ემხრობა. დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის თქმით, ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს.
„პოპულისტური აქ არაფერი არ არის, მიმაჩნია, რომ როდესაც საზოგადოების მოთხოვნა ამგვარია, არაფერი გვიშლის ხელს იმაში, რომ ეს საკითხი აისახოს კონსტიტუციაში“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინების დეფინიციის პარალელურად, სამოქალაქო პარტნიორობის დასაშვებობას ითხოვენ.
„თუ კი უმრავლესობა მაინც მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირი, იმავდროულად, კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით და ასეთი თანაცხოვრების ფორმა შეიძლება იყოს სამოქალაქო პარტნიორობა, როდესაც სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ პირებს გააჩნიათ გარკვეული ქონებრივი უფლებები“, – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები