სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა დანიის „ევროპული მოძრაობის” ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე ისაუბრეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დანიის „ევროპული მოძრაობის” ორგანიზაციის დელეგაციის შეხვედრისას.
სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიასა და პოლიტიკაზე. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ დანიის სამეფოს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის. ყურადღება გავამახვილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა და წვლილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში – როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო მექანიზმისა საქართველოში”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
„შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე და იმ პროცესებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს იმისთვის, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას მიაღწიოს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული პოლიტიკური წრეების, საქართველოს და ევროპული საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით იმისთვის, რომ ის მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას აქვს, შენარჩუნდეს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები აქტიურად მიეწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რაზეც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.
„მნიშვნელოვანია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი მოქალაქეების ინფორმაციის სწორი და თანმიმდევრული გადაცემა მოხდეს, რათა ჩვენი მოსახლეობისგან იყოს მაღალი მხარდაჭერა. ეს არის იმ სტრატეგიული კომუნიკაციის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი, ძალიან აქტიურად ახორციელებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები