ალექსანდრა კოსტიურინა-თავაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

12 აპრილს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ”ალექსანდრა კოსტიურინა – თავაძე (გრაფიკა, ბატიკა)” გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,
გამოფენაზე შედგება მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაც.
ალექსანდრა გრიგორის ასული კოსტიურინა (1900-1978) დაიბადა უკრაინაში, ქალაქ ბერდიანსკში, დიდგვაროვანთა ოჯახში.
ალექსანდრა გათხოვდა საქართველოში, ბიოლოგიის პროფესორ – პიმენ თავაძეზე. მუშაობა დაიწყო თბილისში, აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკასა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში.
აქ მოღვაწეობის პერიოდში იგი ეზიარა ქართულ ხელოვნებას, რისი შთაგონებითაც თავად ქმნიდა სახვითი ხელოვნების, სხვადასხვა დარგის ნიმუშებს. მის სახელთანაა დაკავშირებული აბრეშუმის ქსოვილზე თავისუფალი ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები, აკვარელსა და ფანქარში შესრულებული თაიგულები, პორტრეტები, ესკიზები. მის ნამუშევრებში თანაარსებობს რუსული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი მკაფიო ფერადოვნება და ქართული ტრადიციული დამჯდარი, რბილი კოლორიტით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენის გახსნაზე დაანონსდება საგანმანათლებლო პროგრამა „შენი წიგნი”, რომელზეც მშობლები და შვილები ალექსანდრა კოსტიურინას ნამუშევრების ინსპირაციით შექმნიან წიგნს, თავისი ილუსტრაციებით და გმირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები