„ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან”

„ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარი მოწმის სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
,ბოლო დღეებში ჩემ მიმართ გააქტიურდა ზეწოლები. არის საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. იყო მუქარის ფაქტი. ეს მოხდა სატელეფონო ზარის მეშვეობით. პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო, რის გამოც მივმართე პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ზარის ავტორი და, ალბათ, მალე გაირკვევა, ვინ და რა მიზნით მემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. ყველას ვურჩევ, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან. როდესაც ასეთი რეზონანსული საქმის მთავარ მოწმეზე ხორციელდება სერიოზული მუქარა და ზეწოლა, ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია”, – განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ირაკლი მამალაძემ.
ირაკლი მამალაძის ვარაუდით, მას დეკანოზ გიორგი მამალაძის გარემოცვიდან ემუქრებიან.
,,ჩემი ინფორმაციით, ის დაკავშირებულია მამა გიორგისთან და მის გარემოცვასთან. თუმცა უფრო დეტალურად, ალბათ, პროკურატურა ისაუბრებს მოგვიანებით. მე ამას ვუკავშირებ იმ სრულიად არაადეკვატურ სამოქალაქო მხარდაჭერას, რაც ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე მიიღო გიორგი მამალაძემ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ეს ადამიანები ლამის საერთაშორისო მხარდაჭერას ელოდებოდნენ. ისინი, მათ შორის ქალბატონი ეკა გიგაური და სხვები, დღეს უკვე თავს იკავებენ კომენტარებისგან და არსად ჩანან, მაგრამ მათმა აქტიურობამ და უსაფუძვლო განცხადებებმა წაახალისა ჩემს მიმართ ასეთი მუქარები”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები