დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხეში შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დეკანოზმა 6 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი მამალაძემ შიმშილობა ექიმების რეკომენდაციით შეწყვიტა.
უფლებადამცველი საპატრიარქოს იურისტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არის დაინტერესებული ედიშერ ქარჩავა მსგავსი კითხვებით.
საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ამ საქმეზე შესაძლოა, ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წაუყენონ, მათ შორის, მაღალი რანგის სასულიერო პირებსაც.
ის ამბობს, რომ დაკავებული დეკანოზი სხვა პირების ინტერესებს ატარებს და სავარაუდო თანამზრახველებს ხელს აფარებს. საპატრიარქოს იურისტი არ გამორიცხავს, რომ მამალაძეს თანამოაზრეები წმინდა სინოდშიც ჰყავდეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს აღდგომის შემდეგ გაასაჯაროებს.
დეკანოზმა გიორგიმ (მამალაძე) შიმშილობა 5 აპრილს დაიწყო. ბრალდებულის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე), მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები