ე.წ „ციანიდის საქმეზე“ ბრალი შესაძლოა მაღალი რანგის სასულიერო პირებს წაუყენონ

ე. წ. “ციანიდის” საქმეზე აღდგომის დღესასწაულის შემდგომ დღეებში პროკურატურა ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქმეში ჩახედული პირები კი არ გამორიცხავენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წაუყენონ, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვის ინტერესებს ატარებს და ცდილობს, ხელი დააფაროს სავარაუდო თანამზრახველებს. საპატრიარქოს წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ მამალაძეს „თანამზრახველები წმინდა სინოდშიც ჰყავდეს“. „სამწუხაროა, რომ მღვდელი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვეყრდნობი მის და მისი ადვოკატების ვერსიებს. ამ ვერსიებში გიორგი მამალაძე თავად მოდის წინააღმდეგობაში. თუ ქალბატონ შორენასთან არ იყო კარგ ურთიერთობაში და მის კორუფციულ სქემებს იკვლევდა, მაშინ რატომ უნდა გამოერთმია შორენასთვის 500 დოლარი და დახმარება გაეწია შხამის შეძენაში?! პირადად ჩემთვის, ეკლესიისა და მთლიანად საზოგადოების ბევრი წევრისთვის მისი ეს პოზიცია არის მიუღებელი და ემსახურება სხვა პირების ინტერესებს. გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ინტერესი პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მათ ინტერესებს ემსახურება მამა გიორგი. გიორგი მამალაძეს მისმა მოძღვარმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მიმართა, რომ სიმართლე თქვას და პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ამაზე უარს ამბობს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის ემსახურება სხვების ინტერესებს. ეკლესიაში მყოფ უმრავლესობას გვაქვს ერთი პოზიცია: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც კი ამ საქმეში ფიგურირებს და იყო თანამზრახველი, მიუხედავად რანგისა, წოდებისა და გარემოებისა. არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ამასთან, გამოცემასთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მამა გიორგის არასდროს წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი საპატრიარქოს შიგნით არსებულ დარღვევებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები