პროკურორი: არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს გუკა რჩეულიშვილის დანაშაულს და დაბრუნდება იქ, სადაც 9 თვე გაატარა

“არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს გუკა რჩეულიშვილის დანაშაულს და დაბრუნდება იქ, სადაც 9 თვე გაატარა პატიმრობაში”, – ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ გუკა რჩეულიშვილის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, დაცვის მხარე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გაჭიანურებას ხელოვნურად ცდილობდა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ბრალდებულ გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესზე არ ცხადდება.
„არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულის დანაშაულს და გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც 9 თვე გაატარა პატიმრობაში. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში მოვახერხეთ 60 მოწმის დაკითხვა და 42-ტომიანი საქმის გამოკვლევა. ამის შემდგომ, მთლიანი ეს პერიოდი -7 თვიანი ვადა დაცვის მხარის მიერ იქნა უსაფუძვლოდ გაყვანილი. მოგეხსენებათ, ეს რიგ შემთხვევაში, იყო ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული, ვგულისხმობ მაია რჩეულიშვილს და შემდგომ გურამ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც შეეხება ბოლო ორ კვირას, სასამართლო პროცესზე არ ცხადდება გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ – გაყვანილი ყოფილიყო ეს 9-თვიანი პატიმრობის ვადა“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუკა რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრება. რჩეულიშვილს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, ამიტომ შესაძლოა, იგი დღეს გაათავისუფლონ. რჩეულიშვილი ე.წ მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები