„სარდაფში გვქონდა რეპეტიციები“… –  ფერეიდანში ქართულ სიმღერებს სწავლობენ

ახმეტა, ალვანი, ლაფანყური, თელავი, გამარჯვება, საგარეჯო, თბილისი, ზესტაფონი…  – ეს ის ადგილებია, სადაც ფერეიდნიდან ჩამოსულმა ანსამბლმა „ფესვებმა“ კონცერტების ტურნე გამართა.
მომღერალი მალხაზ მელქუაშვილი ფერეიდანში ჩავიდა, რომ აღმოეჩინა სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ფერეიდნელები და მათთვის ქართული სიმღერა და დაკვრა შეესწავლებინა. შედეგმაც არ დააყოვნა, ფერეიდნელების ანსამბლს წარმატული ტურნე ჰქონდა საქართველოში. – მომღერალ მალხაზ მელქუაშვილის პერსონა.

– დავიბადე ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში. მყავს დედა, მამა, ორი და. დავამთავრე ქისტაურის საჯარო სკოლა და ამჟამად ვმუშაობ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში… მაქვს შვიდწლიანი სამუშაო სტაჟი… დავამთავრე ფოლკლორის სკოლა ახმეტაში. ლაფანყურის საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად  ვმუშაობ. 9 საათი მაქვს…
– როდის დაინტერესდით ფერეიდნით და როდის გადაწყვიტეთ, რომ იქაური ბავშვებისთვისაც სიმღერა გესწავლებინათ?
 – როდესაც სრულიად შემთხვევით ლაფანყურის საჯარო სკოლის თანამშრომელმა მომწერა, რომ მიდიოდა ჯგუფი ფერეიდანში და უნდოდათ, რომ ვინმე მომღერალი წაეყვანათ. გადამოამისამართა ჩემთან, მე ცოტა დაკავებული ვიყავი იმ მომენტში, თუმცა მაინც გამოვნახე დრო და წავედი.
აი, მაშინ რომ ვნახე ქართველობა, ამხელა პატრიოტობა და სულისკვეთება, საქართველოსადმი დიდი სიყვარული,  მუსიკისა და სიმღერისადმი.
რადგან ამხელა სიყვარული ჰქონდათ, მე დავპირდი, რომ კიდევ ჩავიდოდი, დავბრუნდებოდი და ვასწავლიდი ქართულ სიმღერებს.
6 თვის მერე ჩავედი, სარდაფში გვქონდა რეპეტიციები, რომ პოლიციას არ შეემჩნია. მალულად, ფარულად ვაკეთებდით ყველაფერს. ორი კვირით გავჩერდი. ის კი არა, ერთად არ მოდიოდა ყველა წევრი, რომ პოლიციას არ შეენიშნა და რაიმე ეჭვი არ აეღო.
ასე შევქმენით ანსამბლი „ფესვები“, მერე მათ დავპირდი, რომ ჩემი წამოსვლიდან ზუსტად ერთ თვეში წამოვიყვანდი მათაც საქართველოში და, მართლაც, ასე მოხდა. აგერ მე-14 დღეს გავაცილე ისინი, ზუსტად ორი კვირით მყავდნენ.
– უფასოდ ამეცადინებდით ფერეიდნელებს… დიდი იყო დაინტერესება?
– ძალიან დიდი დაინტერესება იყო ქართული სიმღერის მიმართ… როგორც დიდები, ასევე ბავშვები მელოდებიან.  იქ მე და ჩემი მენეჯერი 40 დღე გავჩერდებით.
მინდა, რომ კულტურის სამინისტროდან რაიმე დაფინანსება მოვიპოვო, თუ მოვიპოვე, აუცილებლად უფასო იქნება იქ სწავლა. თუ ვერ მოვიპოვე დაფინანსება, ხანგრძლივი დროით დასარჩენად გარკვეული რაოდენობის ანაზღაურება უკვე საჭიროა…  ფულის გამორთმევა მეც ძალიან მეუხერხულება, თუმცა მეტი გზა არ არის…
– ანსამბლს „ფესვები“ ჰქვია. ალბათ რეპერტუარი გაფართოვდება…
– ახლა იქმნება სხვადასხვა ჯგუფი. ფესვუკები იქნებიან – პატარების, საშუალო ასაკის და დიდების ჯგუფი. ჯგუფები შეიქმნება არა მარტო მარტყოფში, ისპაჰანშიც. კვირაში სამი დღე ისპაჰანში ვიქნები, სამი დღე მარტყოფში და ერთი დღე, ასე ვთქვათ, ტაიმ-აუტი მექნება. ახლა რომ ჩავალ, დაახლოებით 5 ჯგუფი მელოდება.
– როგორი კმაყოფილი დარჩნენ ანსამბლ „ფესვების“ წევრები და რით იყო მნიშვნელოვანი მათი აქ ჩამოსვლა?
– ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ, ყველა რაიონში სტუმრობა კარგი აღმოჩნდა, თუმცა გამოვყოფდი მარტყოფს დახვედრით, არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა ზესტაფონში. დარბაზმა რომ ვეღარ დაიტია ხალხი, უკან დაბრუნდნენ, ფეხზეც ვეღარ მოახერხეს დადგომა. შესანიშნავად დახვდნენ სტუმრებს ალვანში. ახმეტელებმა, გამგეობის თანამშრომლებმა უამრავი საჩუქარი გადასცეს ფერეიდნელებს. კულტურის ცენტრის დირექტორმა კახა მამულაშვილმა ორი ფანდური აჩუქა ანსამბლს – კლასიკური ფანდური და ბასფანდური. სუვენირებზე აღარ მაქვს ლაპარაკი… იმდენი საჩუქარი და წიგნები მიიღეს.
ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღეს გამარჯვებაში, წიგნები და საეკლესიო ბროშურები  უსახსოვრეს  თბილისში. ძალიან თბილი შეხვედრა იყო, იქ იყავით და თავად ნახეთ. საგარეჯომაც არაჩვეულებრივად გვიმასპინძლა, ყველა რაიონში კარგი იყო.
– მარტყოფი განსაკუთრებით გამოყავით დახვედრის თვალსაზრისით… მახსოვს, წერდით ფეისბუქზე… 1625 წელს დაიწყო ქართლ-კახეთის აჯანყება სპარსელთა წინააღმდეგ, 25 მარტს კი მარტყოფის ველზე ქართლ-კახეთის ლაშქარმა ყიზილბაშთა ლაშქარი სრულად გაანადგურა, თქვენი შესვლა მარტყოფში სწორედ 25 მარტს დაემთხვა…
– 25 მარტს, მართლაც, მძიმე წუთები იყო…  როცა ვუთხარით, რომ მარტყოფში ვიყავით, რამდენიმე ფერეიდნელმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ეკლესიის ეზოში  სცენა იყო დამონტაჟებული, მუსიკა და ხალიჩები დაუგეს და ისე შეიყვანეს სტუმრები, ეკლესია მოილოცეს… შემდეგ პატარა ღონისძიება გაიმართა. 15-16 წლის გოგონები და ბიჭებიც კი ტიროდნენ… მერე მუზეუმში გადავინაცვლეთ, სადაც ანსამბლი დაგვხვდა. მღეროდნენ, რომ შევედით… ძალიან ლამაზი წუთები იყო…
– რეპერტუარი?
– მარტო ქართული სიმღერები იქნება. ამ ეტაპზე  ყურში რა  სიმღერებიც ჰქონდათ გამჯდარი, ანუ რასაც ისმენდნენ, ისინი ისწავლეს. ძირითადად, მათი სიმღერებით შემოვიფარგლებოდით. ახალ ეტაპზე ვართ და  უკვე ახალ სიმღერებს დავიწყებთ.
საერთოდ, ქართულმა მუსიკამ ორი წლის წინ ჩააღწია იქ და ძალიან დიდი დაინტერესებაა მათი მხრიდან.
– რამდენი სიმღერა შეისწავლეს ამ ეტაპზე და როგორ აითვისეს?
– 6 სიმღერა, და, უნდა ითქვას, რომ ძალიან ადვილად… სულ პირველად რომ იმღერეს, მეგონა, ორ კვირაში ვერაფერს გავაკეთებდი. კილო, მეტყველება შესამჩნევი იყო… ხომ ხვდებით… მეორე რეპეტიციაზე უკვე პროგრესი დაიწყო.  ძალიან მონდომებულები იყვნენ, ყოველდღიური რეპეტიციები გვქონდა.
ამ ეტაპზე თითქოს უხდებოდათ კიდეც, ფერეიდნელები რომ იყვნენ.
ის მაკვირვებდა, ყოველდღიურად როგორ გამოხატავდნენ საქართველოსადმი სიყვარულს… სიმღერებთან ერთად უმძაფრდებოდათ ეს სიყვარული…
– დელეგაციაში იყვნენ ადამიანები, ვინც პირველად ნახა საქართველო…
– მათ შორის 4 წევრი საქართველოში არ იყო ნამყოფი. მათზე საქართველომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, გოგონებს წასვლა აღარ უნდოდათ. მე ვუთხარი, რომ ისევ ჩამოვლენ, ორ ფესტივალიდან მიიღეს მოწვევა – თელავის და  ზესტაფონის ფესტივალებიდან. ზესტაფონში ერთ-ერთმა სკოლამ სპეციალურად მათი მიწვევის სურვილი გამოხატა.
– მათ ჩაცმაზე, ჩოხებზე ვინ იზრუნა?…
– ჩოხებს ეტყობოდა, ან ნათხოვარი, ან ნაჩუქარი რომ იყო. სამს ეცვა მხოლოდ იქ შეკერილი ახალუხი, დანარჩენებისთვის ფორმა აქ ვითხოვეთ. ზოგს ფეხზე არ მოერგო და ამიტომ იყო, რომ ბოტასები ეცვათ.
მინდა, რომ ქართული მხრიდან მოვაწესრიგო ტანსაცმლის პრობლემა, თუ კულტურის სამინისტრო ჩავრთე ამ ყველაფერში. ჩოხებიც შეიკეროს მათთვის… ძალიან კარგი საჩუქარი იქნებოდა ამ ანსამბლისთვის  ჩოხები ახალუხებით.
– მართალია, დელეგაციის ვიზიტი არ დააფინანსა სახელმწიფომ, მაგრამ მრავალი ადამიანი დაგიდგათ გვერდით და საკუთარი ენთუზიაზმით ჩაერთო ფერეიდნელების დახვედრაში…
– ახმეტამ დიდი თანადგომა გამოხატა. სტადიონს აქვს სპორტული კომპლექსი, სადაც რაგბისტებს  ჩამოჰყავთ და სასტუმროდ გადააკეთეს. ის ოთახები მოგვცეს 4 დღით და ძალიან დიდი პატივი გვცეს.
ზესტაფონსა და თბილისში ადამიანების ენთუზიაზმმა  გაგვაოცა.
თბილისში ქალბატონი ელმირამ ჩუბინიძე დაგვიდგა მხარში და ყველა სტუმარი დაგვიბინავა, პლუს  საღამოთი 100-კაციანი სუფრაც გაშალა რესტორან „დავითში“. მისმა შვილმა ალმამ მანამდე ამერიკიდან თანხაც გამოგვიგზავნა, ჩემს სახელზეც უმასპინძლეთ ამ ადამიანებსო. ასევე ახმეტელი ქალბატონი ნინო ბოდაველი დაგვეხმარა  თანხით.
თუშებმა არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს. სუფრა გაშალეს… ალვანელმა თუშმა, რომელიც წასულია საზღვარგარეთ,  კონცერტის 100 ბილეთი  შეიძინა.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმათ, ვინც გვერდით დაგვიდგა და საკუთარი  წვლილი შეიტანა ფერეიდნელების დახვედრაში. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მათი აქ ჩამოსვლა და საქართველოს დათვალიერება. მიხარია, რომ გამომივიდა.

მალხაზ მელქუაშვილის ძველი ფეისბუქსტატუსიდან:
ძალიან ამაყი ვარ, ეს ყველაფერი რომ ჩემ გარშემო მოხდა და ამ ყველაფრის მომსწრე გავხდი. მე ამაყი ვარ, რომ დღეს ჩემი ფესვები საქართველოში, კახეთში. მე ამაყი ვარ, რომ ასე ხვდებიან დღეს ქართველები, როგორც თუშები დახვდნენ.
მადლობას ვუხდი  დარბაზში მყოფ ყველა მასპინძელს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებაში წვლილი შეიტანა. არ ჩამოვთვლი, რადგან ვინმე რომ გამომრჩეს, არ მინდა. ერთს გეტყვით, ქართული ჯიში არასოდეს გადაშენდება!
ჩვენი კონცერტები კი გრძელდება და იმედი მაქვს, როგორც ალვანში, ყველა კონცერტი ასეთივე ანშლაგით ჩაივლის. ჩვენ კი გელოდებით: 22 მარტს ახმეტის კულტურის სახლში, 23 მარტს – თელავის მუსიკალურ სასწაავლებელში, 24 მარტს – საგარეჯოს კულტურის სახლში, 25 მარტს – გამარჯვების კულტურის სახლში, 26 მარტს კი დავასრულებთ ჩვენს გასტროლს თბილისში. გელოდებით, ქართველებო! როგორც ჩვენი ფესვები იტყოდნენ: ,,ღმერთს ებარებოდეთ“!

– ახლად შექმნილი ოჯახი გაქვთ…
– ერთი ბიჭი მყავს – ნიკოლოზი და მეუღლე… ისე ვიყავი დაკავებული ამ დღეებში, რომ ეჭვი მქონდა, მამას არ დამიძახებდა ბავშვი (იცინის)… მაგრამ გამიმართლა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები