პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაემგზავრა

1-5 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.
​საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 171 წევრ და 11 ასოცირებულ ქვეყანას აერთიანებს. საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შეკრებილი წევრი ქვეყნების დელეგაციები საერთაშორისო გამოწვევებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები