საინიციატივო ჯგუფი „შენ შეგიძლია“- სოფელ დავითიანის ბავშვებისთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის

საინიციატივო ჯგუფის „შენ შეგიძლიას“ ძალისხმევის შედეგად, ლაგოდეხის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა უფრო მდიდარი და ინტერაქტიული გახდება. ახალგაზრდების ჯგუფმა ორგანიზაცია „ორბელიანის“ იდეების კონკურსში გაიმარჯვა და კომპიუტერული ტექნიკა მოიპოვა, რომელიც დავითიანის საჯარო სკოლას უკვე გადაეცა.
„პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დავითიანში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელშეწყობაა”, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფ „შენ შეგიძლიას“ წარმომადგენელმა ნინი ჯაფარიძემ.
“გარდა იმისა, რომ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ინგლისური ენის გაკვეთილები უფრო ინტერაქტიული გახდება, დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, მოეწყობა ლიტერატურული საღამოები და შეხვედრები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან, მათ შორის: ჟურნალისტებთან, ფოტოგრაფებთან, მხატვრებთან, პოეტებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, მისცენ რჩევები და მოტივაცია, შემდგომი განვითარებისთვის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ნინიმ და მისმა მეგობრებმა მონაწილეობა მიიღეს „ორბელიანის“ პროგრამაში, „საქართველო ჩემი სახლია“ რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ინიციატივებს და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საქართველოში.
„ორბელიანი საქართველო“ ონლაინპლატფორმა საშუალებას აძლევს ყველა მოტივირებულ ადამიანს, რომ შეავსოს მარტივი განაცხადი და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოს საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივები. მნიშვნელოვანია, რომ ნინი და მისი მეგობრები მოხალისეებად არიან ჩართულნი პროექტში. სწორედ ასეთ აქტიურ ადამიანებს შეუძლით გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ”, – განაცხადა ქეთი ხაჩიძემ, ორგანიზაცია „ორბელაინის საქართველოს“ დირექტორმა.
დავითიანი პატარა სოფელია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. საინიციატივო ჯგუფ „შენ შეგიძლიას“ პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პროექტი ამ ადამიანებს ბევრ სიკეთეს მოუტანს, აამაღლებს ბავშვების განათლების დონეს და მისცემს შესაძლებლობას, რომ უკეთესი მომავალი შეიქმნან.
„შენ შეგიძლიას“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. ერთობლივი ძალისხმევითა და გვერდში დგომით, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სოფელ დავითიანში უქმე დღეს ჩავიდა, თუმცა, საკმარისი იყო სკოლის ჭიშკართან მანქანა გამოჩენილიყო, რომ ეზო ბავშვებით გაივსო. უამრავი შეკითხვა დაგვისვეს, შეეცადნენ დაგვხმარებოდნენ ტექნიკის საკლასო ოთახამდე მიტანაში, შემდეგ მის გახსნაშიც დაგვეხმარნენ. ძალიან გახარებულები იყვნენ. დავითიანში მცხოვრებ ბავშვებს შემდგომშიც წავახალისებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორმა სერგო სერიხმა „კიბერ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტექნიკა, რომელიც „შენ შეგიძლიამ“ სკოლას უსასყიდლოდ გადასცა, ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება და მათ კიდევ უფრო წაახალისებს.
„ჩვენს სკოლაში სულ 40-მდე მოსწავლეა. დაწყებით კლასებში სწავლა კლას-კომპლექტის სისტემით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი და მესამე კლასის მოსწავლეები ერთად სწავლობენ, მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები კი – ცალკე. გვაქვს საბაზო კლასები, მე-9 კლასამდე. გვყავს უცხოელი პედაგოგი, რომელიც ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის. ტექნიკა, რომელიც მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, წაახალისებს და მათი სწავლის მიმდინარეობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. დიდი მადლობა თქვენ, „ორბელიანი საქართველოსა“ და ნიდერლანდების საელჩოს“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფი „შენ შეგიძლია“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის დატრენინგება, ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების წახალისება და ხელშეწყობა.

 

წყარო:http://cyber.kvira.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები