მიხეილ ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლა ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის
“უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და მას უდიდესი პოზიტიური შედეგები მოაქვს ყველა სფეროში.
”განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ მაქსიმალურად მიიღონ ის სარგებელი, რასაც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა გვთავაზობს. შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ, 24-საათიან რეჟიმში დარეკოთ ნომერზე – 2945050 ან ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს ვებგვერდებს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.