სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს გაატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს გაატარებს. შესაბამისი განკარგულება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელებს.
სააგენტო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებს.
დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია აგრეთვე, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებენ, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.
მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი გადაეცემათ.
მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები; ამოქმედდება ცხელი ხაზი, ასევე მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.
მთავრობის განკარგულების წარმოდგენილი პროექტით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე. ასევე, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა).
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში).
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს. დღეისათვის უკვე ჩატარდა შეხვედრები და სწავლებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები და მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები