სეოკ-ის პრეზიდენტობის ბოლო სამი არჩევნების ლეგიტიმურობა, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სეოკ-ის პრეზიდენტობის ბოლო სამი არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. ამის შესახებ ადვოკატმა, როინ მიგრიაულმა „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. როინ მიგრიაულის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სეოკ-იდან მიიღოს ის დოკუმენტაცია, რომელიც ადვოკატის თქმით, კომიტეტში არსებულ დარღვევებს გამოააშკარავებს.
“აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე მომდევნო სხდომაზე განიხილავს და დარწმუნებული ვარ, რომ დააკმაყოფილებს. ჩვენ ვითხოვთ არჩევნებში მონაწილე დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციების ჩამონათვალს, მათი მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას; არჩევნებში მონაწილე დელეგატების წარმდგენი ორგანიზაცაიების განცხადებებს; გენერალური ასამბლეის ყველა იმ ოქმს, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილე დელეგატების წარმდგენი ორგანიზაციები გაწევრიანდნენ კომიტეტში. ასევე, გვაინტერესებს რომელი ფიზიკური პირი მონაწილეობდა არჩევნებში დამოუკიდებლად და როდის გაწევრიანდნენ სეოკ-ში”,- აცხადებს როინ მიგრიაული.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოპასუხე მხარე აღნიშნული დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენს და მტკიცების ტვირთი მთლიანად საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე გადავა.
„ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ოქმები ბუნებაში არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილე ორგანიზაციათა დიდი უმრავლესობა არ გაუწევრიანებიათ. თუ ეს დადასტურდა, ნიშნავს, რომ მთელი სესია არაუფლებამოსილი იყო. ასევე, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სპორტული ფედერაციებიც არ ჰყავთ წესდებით გათვალისწინებული წესით გაწევრიანებული.
არ მინდა, რომ ეს გარემოება დავუშვა, თუმცა ეს ძალიან მძიმე დარღვევა იქნება. არჩევნებში ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას ათ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელთა შორის სპორტული ორიენტაციის, შესაძლოა, მხოლოდ სამი იყოს. შვიდი ორგანიზაციიდან რამდენიმე, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შეიქმნა, ხოლო დანარჩენების სპორტული ორიენტაციის საკითხი სასამართლოს შესაფასებელია. მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტაციის მიღებით, მხოლოდ ამ არჩევნებზე არსებულ დარღვევებს კი არა, წინა არჩევნებზე მომხდარი დარღვევების ფაქტებს მივაგნებ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც ეს არჩევნები, ასევე, მანამდე გამართული წინა ორი არჩევნები დარღვევებით იყო ჩატარებული”,- აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები