შსს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბერა ივანიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს და უარყოფს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არც ერთ სამმართველოში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არ ფიქსირდება არც ერთი ფაქტი, რომელსაც აღნიშნულ პირთან რაიმე სახით შემხებლობა ექნებოდა.
ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან დათხოვნილი იქნა 9 თანამშრომელი. აქვე განვმარტავთ, რომ პოლიციის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში, ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საკადრო გადაადგილებები პერიოდულად ხორციელდება.
ამასთან, შევნიშნავთ, რომ არც ერთ პირს, ვინც თითქოსდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით კომენტარს აკეთებს, არანაირი შეხება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ შსს-ს დისკრედიტაციას და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები