ირაკლი შიხიაშვილი: რაც ახლა ხდება, რაღაც სერიალს ჰგავს და მაქვს ბევრი კითხვა

“​ის, რომ კონტროლის პალატა დაინტერესებულიყო მშენებლობის ვადებით, იყო ჩემი სურვილი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. შიხიაშვილი მიმდინარე პროცესებს ხელოვნურად წამოწეულს, საქმის ირგვლივ წამოწყებულ ძიებას კი სერიალს უწოდებს. შიხიაშვილის ინფორმაციით კონტროლის პალატა საქმით მისი განცხადების საფუძველზე დაინტერესდა.
„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით იმით, რომ ობიექტი დროულად ჩაგვებარებინა და თანამშრომლები კარგ პირობებში ყოფილიყვნენ. რაც ახლა ხდება, რაღაც სერიალს ჰგავს და მეც მაქვს ბევრი კითხვა, თუმცა თავის დროზე, კონტროლის პალატას მე მივმართე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო მითქმა-მოთქმა, ობიექტი უნდა ჩაგვებარებინა მაისში და ამ დროს უნდა მოეთხოვათ ჩემთვის პასუხი, თუ რატომ ვერ ჩავიბარე. ჩვენ მშენებელს მივეცით საავანსო თანხა, რადგან ლარსა და დოლარში უკვე დიდი სხვაობა იყო. მშენებლის პირობა იყო, რომ საავანსო თანხა გადასცემოდა. მშენებელმა საავანსო თანხის სანაცვლოდ, მოიტანა უცხოური ბანკის გარანტია, მე არ მევალება ვიცოდე აზერბაიჯანში ბანკის გაკოტრების პროცესი მიმდინარეობს თუ არა, მე მივმართე საქართველოს ბანკს და დამიდასტურა, რომ ეს არის გადახდისუნარიანი ბანკი, მე სხვაგან ვერც შევამოწმებდი და არც მევალებოდა, რომ შემემოწმებინა“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შიხიაშვილის ინფორმაციით, ბანკის არსებობის შესახებ მას ინფორმაცია საქართველოს ბანკმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ კომპანიას სწორედ უცხოურ ბანკში ჰქონდა ბრუნვები და პროცენტიც, საქართველოს ბანკებთან შედარებით, იყო დაბალი. შიხიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისევ აგრძელებდა თანამშრომლობას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. „მე მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომ რომელიმე თოქ-შოუში ამ კითხვებს, რაც გაჩენილია, ყველამ გავცეთ პასუხი. ჩემი წასვლის შემდეგ ეს ორგანიზაცია არ გამქრალა და 5 თვის მანძილზე, კიდევ აგრძელებდა მუშაობას. შეჩერებული სამუშაოები შემდეგ წვიმამ დააზიანა და თანხა გაცილებით მეტი გახდა საჭირო. ეს დასკვნა დევს რამდენიმე თვეა, მე ეს დრო ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე ის მაინტერესებს, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ რატომ უჩნდება ვიღაცას სურვილი, წამოწიოს მსგავსი თემები. ყველამ თავის გასამარგლ ბოსტანს მიხედოს. ჩემი წერილობითი თხოვნის საფუძველი იყო,. რომ აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა, თუ რა ხდებოდა ამ საქმის ირგვლივ”, -განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები