ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონკურსის, „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტური გაიმართება

კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში“ ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონკურსის „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით, 23 ფინალისტი სკოლა ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძოლებს. ამავე დღეს, გამოვლინდება კონკურს „ფოტოსინთეზის“ გამარჯვებული ფოტოები თემაზე – „ეს ჩემი ტყეა“. დაჯილდოების ცერემონიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და ავსტრიის ელჩი გახსნიან. კონკურსანტებს სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები უქომაგებენ.
„მწვანე რეაქცია“ – ასეთი იყო ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც. ოფიციალური ინფორმაციით, საუკეთესო 100 სკოლა ერთმანეთს ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის და თბილისის ნახევარფინალურ ტურებში შეხვდა, საიდანაც ფინალისტი სკოლები შეირჩა.
პრემიის გამარჯვებულები საჩუქრად სასკოლო–საზოგადოებრივი ცენტრების, ე. წ. „ეკოჰაბების“ პროექტებს მიიღებენ, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს. ასევე დაწესებულია ნომინაციები და პრიზები პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.
განსაკუთრებით საინტერესოა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პრიზი, რომელიც საუკეთესო მოსწავლეს 1 დღით საკუთარ „პორტფელს“ გადააბარებს. სასიამოვნო სიურპრიზები ელით „ფოტოსინთეზის“ გამარჯვებულებსაც.
ინიციატივა ხორციელდება CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები