ეკა ბესელია: კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ

 „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ​როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ ყოფილა.
”პირველი, რაც მაწუხებს, ეს არის ვადები, რომელიც შეზღუდულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს ვადა 31 მარტს იწურება. პრეზიდენტმა ბოლომდე გამოიყენა ვადა, რაც მგონია, რომ ამ პროცესს უქმნის საფრთხეს. აქ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას და სისტემას, რომლითაც ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს ამ შენიშვნებში, დისკუსიის დროც აღარ დატოვა პრეზიდენტმა, იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ კვირაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო უბრალოდ აღარ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ”, – განაცხადა ბესელიამ.
​შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს დღეს ვეტო დაადო. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები