კალაძე ბათუმის მოვლენებზე: ვინც იყო ამ ყველაფერის ორგანიზატორი, შეიძლება გათვლილი ჰქონდა და აწყობდათ დარბევა

ჩვენთვის მთავარია ადამიანი, დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“, ბათუმის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ ბათუმის მოვლენების დროს მართლზომიერი ძალა, იმისათვის, რომ დროულად ყოფილიყო აღკვეთილი ვანდალიზმი.
კალაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება აღნიშნული აქციის ორგანიზატორებს აწყობდათ კიდეც. ვიცე-პრემიერის შეფასებით, შს მინისტრმა, პრემიერმა და ზოგადად სამართალდამცველებმა სწორად იმოქმედეს. „ერთი წუთით თუ წარმოუდგენია ვინმეს რა შეიძლება მოხდარიყო როდესაც იქ აღტკინების პიკში მყოფი ახალგაზრდების პარალელურად შესულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და მომხდარიყო დაშლა, დარბევა?! მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინც იყო ამ ყველაფერის ორგანიზატორი, შეიძლება მათ ეს გათვლილი ჰქონდათ, აწყობდათ კიდეც… იქ, რომ ვინმეს ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა რა შეიძლება დატრიალებულიყო. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და ზოგადად პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, თუ რა იყო როგორ იყო თუ რა მდგომარეობა იყო ყველამ კარგად ვიცით. უბრალოდ მნიშვნელოვანი შედარება გავაკეთოთ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში. როგორ არბევდნენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გამოხატავდნენ – ეს იყო გადამეტებული ძალა. რადგან წინა ხელისუფლების პოლიტიკა ორიენტირებული იყო დაშინებაზე და ძალის გამოყენებაზე. ისე ხდებოდა ამ ადამიანების დაშლა, რომ ყველასთვის დაენახებინათ რა არის მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანი. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები, ჩვენთვის მთავარია ადამიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, თორემ იმ ხერხებზე იოლი, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, არაფერი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები