“მთელმა საქართველომ და ბათუმმა იცის, რომ აქციით ისარგებლეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა”
“მთელმა საქართველომ და მთელმა ბათუმმა იცის, რომ 11 მარტის აქციით ისარგებლეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა”, – აღნიშნულის შესახებ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
“აქციები ყოველდღიურად იმართება და არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. პრობლემა იწყება იქ, სადაც ვანდალიზმის და ძალადობის პროვოცირება ხდება. ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დავადგინოთ, ვინ და რამ გამოიწვია მოვლენების ვანდალიზმში გადაზრდა”, – დასძინა განათლების მინისტრმა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით, აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.