ლაშა ასლანიშვილი: ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში კულტურული ფენა არ ფიქსირდება

ახალ დენდროლოგიურ პარკში მრავალწლოვანი ხეების ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან გადატანის ფაქტის გაშუქებას სოციალურ ქსელში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური გამოეხმაურა:
“რუსთავი 2“ ისევ იტყუება და თან თაღლითობს. ამ არხმა დღესაც არ დაარღვია ტრადიცია და ისევ მიუძღვნა პასკვილი დენდროპარკის მშენებლობას. ამჯერად თქვეს, რომ ხეების გადატანა არქეოლოგიას უშლის ხეს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი თავად იყო მისული ბობოყვათის ხის ლოკაციაზე და განაცხადა რომ იმ ტერიტორიაზე არქეოლოგიური შრეები არაა. ეს „რუსთავი 2“-საც უთხრა, მაგრამ „რუსთავი 2“-მა მისი სახელისა და პოზიციის ნაცვლად დაწერა სულ სხვა გვარი და სხვა რეგალია. ეს უკვე ზღვარგადასული ბოღმის ქრონიკაა“, – წერს უძილაური.
სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ტერიტორია, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა, არქეოლოგიურად შესასწავლია, რათა ხეების ამოღებამ უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება არ გამოიწვიოს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია თავად მოინახულა მისი თქმით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, იქ კულტურული ფენა არ ფიქსირდება.
“როგორც კი შეგვატყობინეს სამუშაოების დაწყების შესახებ, მაშინვე დავუკავშირდი სახელმწიფო დაცვის სამსახურს, მათთან ერთად ვიმყოფებოდი ადგილზე. მე, როგორც არქეოლოგმა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება. შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაოები როცა დაიწყება, მე, პირადად, აუცილებლად დავესწრები ამ სამუშაოებს“, – აცხადებს ასლანიშვილი.
ლაშა ასლანიშვილის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რამდენი ხის გატანა იგეგმება. ის ასევე აცხადებს, რომ კერძო საკუთრების მიუხედავად, თუ ტერიტორიაზე კულტურული ფენა აღმოჩნდება, არქეოლოგიურ სამუშაოებს აუცილებლად ჩაატარებენ.
“სამუშაოებს იქ ატარებენ, სადაც არის რეზიდენცია… ჩემთვის მთავარია, რომ თუ დადასტურდა არქეოლოგიურ-კულტურული ფენების აღმოჩენა, ჩვენი სამსახური და არქეოლოგები ჩავერთვებით და შევისწავლით ტერიტორიას. თუ დადასტურდა კულტურული ფენა, ჩვენ მოვალე ვიქნებით, რომ ძეგლი არ განადგურდეს“, – აცხადებს ასლანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები