აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში კონფერენცია გაიმართა
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ ორგანიზებით, კონფერენცია – „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ახალი ხედვების ჩამოყალიბება იყო. კონფერენციას, დეპუტატებთან ერთად, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, კონფერენციის გამართვის იდეა კი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე გაჩნდა.
კონფრენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზაზე გარღვევა არ გვაქვს.
„კონფლიქტმა აშკარად გაყინული სახე მიიღო, რაც ურთიერთბის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა. ამიტომ, საქმის დაწყება ძალიან მარტივი ფორმით შეიძლება, რომელიც შემდეგ თავის ეტაპებსა და ფაზებში გადავა, რაც შედეგეს აუცილებლად მოგვცემს. ამასთან, აფხაზებს საქართველოს სახელმწიფოში ფუნქციონირების საინტერესო მოდელი უნდა შევთავაზოთ, მხედველობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი მაქვს,“ – განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ და დასძინა, რომ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.
კონფერენციის მონაწილეებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვები დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმაც გააცნო და აღნიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები „საზოგადოებრივ მაუწყებელზეც“ უნდა მიმდინარეობდეს. დეპუტატი რევაზ არველაძე კი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონფლიქტების მოსაგვარებლად საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული მოდელი მსოფლიოში არსებული მოდელების გათვალისწინებით შემუშავდეს.
„კონფერენციაზე ძალიან საინტერესო გამოკვლევები წარმოადგინეს და, ცხადია, შეკითხვებიც დაისვა, ამ გამოკვლევებში წარმოდგენილი რეკომენდაციები სად მიდის და რაში გამოგვადგება. როგორც კი შესაბამისი სტრუქტურები ამ გამოკვლევებზე მსჯელობას დაიწყებენ, ეს რეკომენდაციებიც გამოგვადგება. ისიც უკვე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ამ თემებზე მსჯელობა დაიწყო,“ – განუცხადა კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.