დიმა ობოლაძე „რუსთავი 2“ -ს ტოვებს და „იმედში“ გადადის
სპორტული ტელეწამყვანი დიმა ობოლაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ იგი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ტოვებს და “იმედში” გადადის.
როგორც დიმა ობოლაძე განმარტავს, მან ტელეკომპანია “იმედიდან” ნორმალური შეთავაზება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი 2”-ში 21 წელზე მეტია მუშაობს, ამ შეთავაზებას დათანხმდა.
“ვადასტურებ, ნამდვილად გადავდივარ “იმედზე”. შეთავაზება “იმედიდან” მივიღე. მიზეზი არის ის, რომ მივიღე შემოთავაზება, მეკეთებინა ჩემი საქმე. ნორმალური პირობებია, 21 წელი საკმაოდ ბევრია. სხვა მიზეზები არ არსებობს, სამსახური შევიცვალე უბრალოდ. მესმის, რომ ხმაური მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, რადგან 21 წელზე მეტია “რუსთავი 2-ში ვარ, ალბათ მაგიტომ. მიზეზები მეტი არაფერია. გამიჭირდა ძალიან ამ გადაწყვეტილების მიღება”,- აცხადებს ობოლაძე.
მისივე თქმით, თავდაპირველად, „იმედში“ ის სპორტული ინფორმაციების ბადეს ააწყობს.
“ფორმატი არის სპორტის ამბების აწყობა, იგეგმება სპორტული გადაცემაც, რომელსაც სავარაუდოდ, მე წავიყვან”,- აღნიშნა ობოლაძემ.