თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაში ბაგა-ბაღების სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა,რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებში ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს.
ჯგუფის წევრები ნორმატიული აქტების სამუშაო ვერსიების განხილვის,ასევე რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების მიზნით, შეხვედრებს სისტემატურად მართავენ.
,,სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაუმჯობესებულ მომსახურებას გულისხმობს , რაც სკოლამდელი განათლების ხარისხზე ბუნებრივად აისახება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ამ პროცესში დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებული საერთაშორისო სტანდარტები მაქსიმალურად გავიზიაროთ “, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის მიზანი იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაა, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გარე მონიტორინგს დაარეგულირებს. ასევე დაადგენს შეფასებისა და ანგარიშების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების, დაწესებულების შიდა მონიტორინგის და შეფასების სისტემებს, განსაზღვრავს სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს დაწესებულების პერსონალისთვის, ამავდროულად მათთვის შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტებს და დაადგენს საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სამუშაო ჯგუფის დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, იურიდიული და სარევიზიო კომისიების, ასევე თბილისის მერიის იურიდიული, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად აქტიური მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები