თბილისის მერია: მედიას მოვუწოდებთ, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისას, დაზუსტებული მონაცემები მიიღონ

​დიდუბის რაიონის გამგეობა საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო სტატისტიკის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟურნალისტისა და სიუჟეტის მთავარი გმირის მიერ გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია დიდუბის რაიონში, კონკრეტულად, წერეთლის გამზირის N71-სა და N73-ს შორის არსებული სკვერის დემონტაჟის შესახებ.
„განვმარტავთ, რომ ადგილზე, სადაც სიუჟეტის გმირი ინტერვიუს იძლევა და სინანულს გამოთქვამს სკვერის განადგურების თაობაზე, რეალურად სკვერი არასდროს ყოფილა და იქ მხოლოდ 3 სკამი იყო განთავსებული. ასევე, დაზიანებული იყო მწვანე ნარგავები და ბორდიურები. სკვერის მოწყობა კი აღნიშნულ მისამართზე სწორედ ახლა მიმდინარეობს და პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ტერიტორიაზე დაიდგმება ახალი სკამები, დეკორატიული ურნები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, შენარჩუნდება არსებული და დაირგვება სხვადასხვა სახის ახალი ნარგავი. ჩვენთვის გასაგებია სიუჟეტის ავტორის სურვილი, ვიზუალური და შინაარსობრივი მასალის თანხვედრით, შექმნას საინტერესო და სკანდალური მასალა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს ტყუილის ხარჯზე, რასაც ამ შემთხვევაში, ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მეტი სიზუსტისათვის, ვავრცელებთ ფოტომასალას, რომელიც წერეთლის გამზირის N71-სა და 73-ს შორის სკვერის მშენებლობის დაწყებამდეა გადაღებული და რომლითაც დასტურდება, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. მოვუწოდებთ სატელევიზიო მედიას, თბილისში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისას, მიიღონ სანდო და დაზუსტებული მონაცემები კონკრეტული რაიონის გამგეობის ან თბილისის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისაგან, რადგან მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები