„ერთი პიანინო მქონდა და ისიც გავყიდე“… –  კომპოზიტორი, რომელიც  ბავშვების სიყვარულის პრემიით დააჯილდოვეს, სიცოცხლისთვის იბრძვის…  

წლინახევრის ასაკიდან დაიწყო მუზიცირება და 6-7 წლის გოგონა უკვე ნაწარმოებებს ქმნიდა ბავშვებისათვის… ასზე მეტი საბავშვო სიმღერა, 50-ზე მეტი სიმღერა დაწერა პროფესიონლი მომღერლებისთვის,  შექმნა კამერულინსტრუმენტული, საგუნდო, საორკესტრო ნაწარმოებები, ასევე ნაწარმოებები ცალკეული ინსტრუმენტებისთვის, ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის.მარტო ის რად ღირს, რომ მისი სიმღერით – დილა მშვიდობის“ იღვიძებდა საქართველო 1996-2000 წლებში… მისი სამი შემოქმედებითი გაიმართა კოტე მარჯანიშვილის თეატრში, რომელიც გადაიქცა დღესასწაულად ბავშვებისათვის…
მუსიკა
არა მარტო ესმის და შეიგრძნობს, არამედ ხედავს, როგორც ფერთა გამას, მუსიკა მისთვის ყველაფერია... მესამე წელია პიანინოს არ მიჰკარებია, მესამე წელია, სიცოცხლისთვის იბრძვის!.. – კომპოზიტორ მაიკო ელოშვილის პერსონა.

 –  ჩემი ბავშვობა იყო ზღაპარი, რომელიც წარსულში დარჩა, მაგრამ დრომ მაინც ვერ გააფერმკრთალა. მუსიკა მუდამ იყო ჩემში და ჩემთან დაბადებიდან.
რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიმღერა შვიდი თვისამ დავიწყე. „იავნანის“ გარეშე არ ვიძინებდი. დედასთან ერთად მეც ვღიღინებდი.
წლინახევრის ასაკიდან დავიწყე მუზიცირება. მამამ გერმანული წითელი ფერის საბავშვო როიალი მომიტანა. არ მახსოვდა არავინ და არაფერი. მთელ დღეებს როიალთან ვატარებდი.
არ მახსოვდა არავინ და არაფერი. თან ვუკრავდი შეძლებისდაგვარად, თან ვმღეროდი. ოთხი წლიდან კარგად მახსოვს ჩემი თავი. საბავშვო ბაღში განმარტოება მიყვარდა.
საბავშვო ბაღის ეზოში გამოსული სხვა ბავშვებთან თამაშის ნაცვლად ცალკე განვმარტოვდებოდი და ვთხზავდი მუსიკას. თავში უამრავი მელოდია მომდიოდა. მესმოდა ორკესტრის ჟღერადობა. ვმღეროდი სრულიად უცხო მელოდიას და თან ვდირიჟორობდი. მუზასთან ჭიდილში იბადებოდა უამრავი მელოდია.
ძალიან მიკვირდა სხვები ჩემსავით რომ არ იქცეოდნენ. ვცდილობდი, არავის  შეემჩნია ეს უცნაურობა.
დედა სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, ძალიან ხშირად მართავდა საღამოებს. დაწყებით კლასში სწავლისას დედას სასკოლო ღონისძიებების მუსიკალური გამფორმებელი ვიყავი. დედა ფორტეპიანოს პიუპიტრზე დამიდებდა იმ პოეტების ლექსებს, რომლებიც უნდა მოეწვია და მე ვქმნიდი სიმღერებს. შემდეგ ვასწავლიდი დედას მოსწავლეებს ამ სიმღერებს და ვამზადებდი ამა თუ იმ ღონისძიებისთვის ბავშვებს.
რაც შეეხება საბავშვო სიმღერებს, ვთვლი, რომ ბავშვს თავისი ფანტაზიის სამყარო აქვს და ამ სამყაროში შესვლის მსურველმა ძალიან ფაქიზად, ლამაზად და ოსტატურად უნდა შეიტანოს თავისი სათქმელი, რომ ბავშვისთვის ძალიან გასაგები და მისაღები იყოს. ამ სიმღერებმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის სულის გალამაზებას და ასევე მისივე ფანტაზიის გაღრმავებას.
– შემდეგ იყო კონსერვატორია…
– 90-იანი წლების სტუდენტი ვიყავი. გაყინული აუდიტორიები… თბილისის ომი…ვსწავლობდი ნოდარ მამისაშვილთან კომპოზიციას…
მადლიერი ვარ ამ გენიალური პედაგოგის და მუსიკოსის, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი, როგორც კომპოზიტორის ჩამოყალიბებაში.
– თქვ შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შექმენით 100-ზე მეტი საბავშვო სიმღერა. საბავშვო მიუზიკლი ზარზამეთის ტყის ზღაპრებიცირა ქიტიაშვილის ლექსებზე. მუსიკალურად გააფორმე რამდენიმე საბავშვო სპექტაკლი აბავშვო თეატრისთვისმეორე სახლი.
– შექმნილი მაქვს 100-ზე მეტი საბავშვო სიმღერა ცნობილი პოეტების ლექსებზე. ესენი არიან: გივი ჭიჭინაძე, ცირა ქიტიაშვილი, ნუნუ კერესელიძე, ნოდარ შამანაძე, გივი ძნელაძე, მზია ჩხეტიანი, მაყვალა გონაშვილი, ავთანდილ გურგენიძე, ოლეგ გველესიანი, კუკური გოგიაშვილი, ავთანდილ მეგრელიშვილი, მაყვალა გონაშვილი.
ვთამამშრომლობდი საბავშვო თეატრთან „მეორე სახლი”. მუსიკალურად გავაფორმე რამდენიმე სპექტაკლი.
– გივი ჭიჭინაძე ახსენეთ, რომელთანაც რამდენიმეწლიანი შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდათ...
– არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. სიკეთით სავსე, მეგობრული. საოცარი პოეტი. კლასიკოსი. ძალიან მენატრება ის დრო… მისი ლექსები თავისთავად მღერის. არაერთი სიმღერა შევქმენი მის ლექსებზე.
გივი ჭიჭინაძემ 4 წლის ასაკში მაჩუქა წიგნი, რომელსაც ეწერა:  „სახსოვრად მაიკოს გივი ძიასგან“. მე და გივი ბიძია 10 წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით რკინიგზის კულტურის ცენტრის მუსიკალურ ათწლედში. მერე გარდაიცვალა…  შემდეგ მუშაობა გავაგრძელე ფილარმონიასთან არსებულ  ვოკალური ჯგუფში „წელიწადის ოთხი დრო“, რომელსაც 1995-2003 წლებში ვხელმძღვანელობდი… ამ წლებში ჩავწერე ჩემი 50 საბავშვო სიმღერა.
– 20 წელია თანამშრომლობბასტი ბუბუსთან“... 2007 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ბასტი ბუბუს მიერ ჩატარებული საბავშვო  მუსიკის ფესტივალზე დააჯილდვეს ბავშვების სიყვარულის პრემიით...
– დიახ, ჩვენი მეგობრობა 20 წელს ითვლის. მათ შეასრულეს ჩემი არაერთი საბავშვო სიმღერა. ბავშვების სიყვარული კი ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის, როგორც კომპოზიტორისათვის.
– ნაყოფიერი იყო 2000-იანი წლები…
– 2000 და 2002 წლებში გამოვიდა ჩემი საბავშვო სიმღერების ორი აუდიოალბომი.2000, 2001 და 2002 წლებში მქონდა სამი შემოქმედებითი საღამო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ამ საღამოებს ესწრებოდნენ ის პოეტები, ვის ლექსებზეც შეიქმნა ეს საბავშვო სიმღერები
ამ საღამოების სცენარის ავტორი, რეჟისორი და მხატვარი ვიყავი მე. ეს იყო დიდი დღესასწაული ბავშვებისთვის და ასევე მუსიკის, ფერის და ლექსის ზეიმი ერთდროულად.
2014 წელს გამოვიდა  საბავშვო სიმღერების კრებული მზის ხომალდი, რომელიც საჩუქრად გადაეცით თბილისის საბავშვო ბაღებს…
– კრებული „მზის ხომალდი“, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, დაიბეჭდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. კრებული საჩუქრად გადაეცა თბილისის საბავშვო ბაღებს. ეს იყო ჩემი უანგარო საჩუქარი ბავშვებისთვის.
2000-2004 წლებში ვთანამშრომლობდი ჟურნალ „დილასთან“. ჟურნალში იბეჭდებოდა ჩემი საბავშვო სიმღერები და წერილები კომპოზიტორებზე.
ეს არის ჩემი შემოქმედების ერთი ნაწილი.
სიმღერადილა მშვიდობისატექსტის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი, მღერის ნუკრი კაპანაძე… – რამდენიმე წელი ტელევიზიით ამ სიმღერით იწყებოდა დილა სრულიად საქართველოშიროგორ დაწერეთ ეს სიმღერა?
– ჩემი სიმღერით „დილა მშვიდობისა” იღვიძებდა საქართველო 1996-2000 წლებში და ლაიტმოტივად გასდევდა შემოქმედებით გაერთიანება “ალიონს”და რადიო „ორს“.
ეს სიმღერა დავწერე 13 წლის ასაკში. ჟურნალში „დილა”დაიბეჭდა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსის 2 სტროფი „დილა მშვიდობისა”.
მოგვიანებით, 90-იან წლებში დავურეკე ბატონ ჯანსუღს და ვთხოვე ამ ლექსის გაგრძელება.
ყველას კარგად გვახსოვს 90-იანი წლები. ბატონი ჯანსუღის პასუხი ასეთი იყო: აგაშენა ღმერთმა, ამ პირობებში რომ ისევ მუსიკაზე ფიქრობო. ორ დღეში დამირეკა და ჩამაწერინა ორი სტროფი.
პროფესიონლი მომღერლებისთვის 50-ზე მეტი სიმღერის ავტორი ხართ..ბოლო 15 წელია კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებზე მუშაობთ...
– შექმნილი მაქვს კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, საორკესტრო ნაწარმოებები. ასევე ნაწარმოებები ცალკეული ინსტრუმენტებისთვის, ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის.
ტრიპტიქი ხმისა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის ანა კალანდაძის ლექსებზე (3-ნაწილიანი კომპოზიცია);  საგუნდო დიპტიქი Acappella გალაკტიონის ლექსზე.
ფანტაზია კლარნეტისა და კამერული ორკესტრისთვის, რომელსაც პეროფრაზად გასდევს ანა კალანდაძის ლექსი.
– რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა…
– მუსიკა სამყაროს ენაა და ბედნიერი ვარ, რომ მუსიკის ენით შემიძლია გამოვხატო ჩემი ემოცია და ვესაუბრო სამყაროს. ეს სიტყვები ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დავწერე და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება მუსიკისადმი. ჩემთან მუსიკა ფერთან ერთად მოდის… თითოეულ ფერს თავისი ენერგეტიკული, ემოციური დატვირთვა აქვს.
მუსიკა არა მარტო მესმის და შევიგრძნობ, არამედ ვხედავ, როგორც ფერთა გამას. მუსიკა ჩემთვის გამოსახულებაა, ფიზიკურად აღქმადია. მუსიკა ჩემთვის ერთდროულადაა ბგერათა და ფერთა გამა…
მე განწყობის ადამიანი ვარ და ფერიც განწყობის მიხედვით შემოდის ჩემში ფერთან ერთად მუსიკაც …
ჩემი კლასიკური ჟანრის ნაწარმოებები წარმატებით შესრულდა ავანგარდული მუსიკის ფესტივალზე…
– სამწუხაროა, რომ თქვენს შემოქმედებით წინსვლას ხელი შეუშალა მზაკვარმა სენმა… 2014 წლის 16 ივნისს დაგისვეს დიაგნოზი სარძევე ჯირკვალის ავთვისებიანი სიმსივნე, HER2/მესამე სტადია...
– 2014 წლიდან დღემდე ვიბრძვი სიცოცხლისთვის. გავიკეთე ოპერაცია. ჩავიტარე ქიმიოთერაპიის (8 ქიმია) და სხივური თერაპიის (25 სხივი) კურსი. გადავისხი ჰერცეპტინი (18 ფლაკონი). ვიმკურნალე ორი წელი. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ რეციდივი განვითარდა ფილტვებზე. ფილტვებში მაქვს მრავლობითი მეტასტაზური დაზიანება.
– რამდენადაც ვიცი, უახლესი მკურნალობა ორი თვის დაგვიანებით დაიწყეთ, იმის გამო, რომ ფული არ გქონდათ?
– საჭირო იყო სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება, მაგრამ… საქართველოში ძუძუს კიბოს პაციენტი ქალები ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილი.
სახელმწიფო დაფინანსება ძალიან მცირეა იმ უდიდეს გაჭირვებასთან შედარებით, რაც თან ახლავს ძუძუს კიბოს.
მკურნალობას თან ახლავს გვერდითი მოვლენები, უამრავი გართულება. ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.
საქართველოში ონკოლოგია უფასო უნდა იყოს. ჩემი ორწლიანი მკურნალობა 150 000 ლარი დაჯდა. გავყიდე ყველაფერი, რისი გაყიდვაც იყო შესაძლებელი. ფორტეპიანოს გარეშე ვარ კომპოზიტორი. გავყიდე ბინა და ნაქირავებში ვცხოვრობ. იმდენად მენატრება, სიგიჟემდე მივდივარ…   წარმოიდგინეთ ფორტეპიანოს გარეშე დარჩენილი კომპოზიტორი.
ორი თვის დაგვიანებით დავიწყე მკურნალობა უფულობის გამო, არადა დავით თაბაგარი კაცი თვალებში ვერ მიყურებდა, სასწრაფოდ უნდა დაიწყო მკურნალობაო. საკმაოდ რთული მდგომარეობა გაქვსო. კვანძებია ფილტვებში. კატასტროფული მდგომარეობა მაქვს. ორი თვე თვალებს რომ ვხუჭავდი, თვალების გახელის მეშინოდა…
ჯოჯოხეთია, რაც გამოვიარე. მთელი ცხოვრება მუსიკას შევწირე და… ერთი სული მაქვს, აქედან როდის გავიქცევი… ღმერთმა ქნას, ისეთ ქვეყანაში მოიწიოს ცხოვრება, სადაც ვიმკურნალებ და შემოქმედებითადაც ვიმუშავებ. ამდენმა ლოდინმა და სტრესმაც თავისი როლი შეასრულა ჩემს ავადმყოფობაში, – დავწერდი ნაწარმოებს და მთელი ცხოვრება ველოდებოდი, აი დღეს შესრულდება, ხვალ შესრულდება-მეთქი… დაუსრულებელად გრძელდებოდა ეს ლოდინი, ერთი პიანინო მქონდა და იმაზე გადამქონდა ემოცია, რომ ეხებოდა თითები კლავიშებს რაღაცნაირად, ის მაძლიერებდა და ისიც გავყიდე, რადგან გამოსავალი არ მქონდა.
საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1 900-2000  შემთხვევა ფიქსირდება. ყოველწლიურად 1000-1200 ქალი იღუპება. რატომ? ვერ მკურნალობენ. არ აქვთ ფინანსები. სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ფული არა აქვთ, ცის გახსნას ელოდებიან, რომ იშოვონ…
ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე თითოეული ლარის მოსაპოვებლად, აბსოლუტურად დაუცველები ვართ…
მე ვიბრძვი სიცოცხლისთვის! მე მაქვს სიცოცხლის უფლება! შემოგვიერთდით!
– ვინ არიან თქვენი ექიმები?..
– საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა, სადაც როგორც ევროპაში, თითოეული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით დგება კონსილიუმი და 15-20-კაციანი კონსილიუმი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა.
ეს არის ქიმითოერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“, რომლის ხელმძღვანელია, პროფესორი დავით თაბაგარი. ჩემი  ექიმი ცირა ქორთუაა, ხოლო ვინც ოპერაცია გამიკეთა – სოსო სანიკიძე, ახალგაზრდები და სუპერპროფესიონალები არიან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
მინდა ასევე, მადლიერება გამოვხატო საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტის ანა მაზანიშვილისადმი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, დაუღალავად იბრძვის ჩვენი სიცოცხლისთვის. თუნდაც ჰერციპტინის, ლაპატინის დაფინანსების თვალსაზრისით,  5500-ლარიანი ჰერციპტინის 80- პროცენტიანი დაფინანსება დაუშვა მერიამ, რაც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე  ძვირად ღირებული ლაპატინებისაც…
იმედი დავიტოვოთ, რომ მოვა დრო, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში, უფასო იქნება ონკოლოგია და ამდენი ადამიანი უფულობის გამო არ მოკვდება…
ვისაც არ გამოუცდია, არც ვუსურვებ გამოსცადოს, თვალებში რომ უყურებ სიკვდილს და არ იცი, ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა. 4 წელია ასეთ სტრესში ვცხოვრობ, მაგრამ  მაინც  საბრძოლო განწყობა მაქვს, რა ვქნა, ასეთია ჩემი ჯვარი და როგორღაც უნდა გადავიტანო.
– 17 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „მაიკო ელოშვილის სიცოცხლისთვის“  – საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც პოეტი ნინო მოდრეკილაძეა… იქნება პოეზია, მუსიკა, გაიყიდება შემოწირული წიგნები და ნახატები...
– ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მოვლენ მუსიკოსები, კონსერვატორიის სტუდენტები… იმღერებს მგალობელთა გუნდი „ტაო“… ნინო მოდრეკილაძემ მთხოვა, იქნებ შენც იმღეროო. არ ვიცი, რამდენად შევძლებ, ორი წელია ფორტეპიანოს არ მივკარებივარ. ვნახოთ, თუ მანამდე მოვახერხე ფორტეპიანოსთან მისვლა და განწყობის შექმნა…
საოცრად ოპტიმისტი ხართ რას ეტყოდით სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს?
– უსაზღვროდ მიყვარს სიცოცხლე. მინდა ვიცოცხლო სიცოცხლის სიყვარულით. მე ორი წელი მომიწია ამ ომში ყოფნა და გავიმარჯვე. ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა…
ბოლოს ისევ სიცოცხლის სიყვარულმა გაიმარჯვა… მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ კიდევ ერთი გამოწვევა მივიღე…
დარწმუნებული ვარ, ეს ომიც ჩემი გამარჯვებით დამთავრდება…
ბრძოლის ჟინი ჯერ არ დამიკარგავს… ისევ სიცოცხლის სიყვარული გაიმარჯვებს.
… და როცა ბრძოლის ველიდან გამარჯვებული გამოვალ, ჩემს გასავლელ ბილიკს გავუყვები მწვერვალისაკენ… გაჩახჩახებული მზე მარადიულად აელვარდება ჩემს სულში…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები