ინოვაციების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეები ჩაატარა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა.
ინოვაციების სააგენტომ სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნო სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით, წარუდგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა ჩაატარეს ტრენინგი და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებდა. თითოეულმა სტრუქტურამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტების და სერვისების შესახებ უამბო.
ღონისძიების ბოლოს, ინოვაციების სააგენტომ 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.
ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვამ“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართა კრეატიული იდეების მარათონი (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ემუშავათ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე.
ინოვაციების დღეები პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია იმ მხრივ, რომ წელს ინოვაციების დღეებში ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ისე არასამთავრობო სექტორი. შესაბამისად, ღონისძიებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. თანამშრომლობის ფარგლებში,  საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების, საკონსულტაციო მომსახურების და დასაქმების ფორუმების ორგანიზება ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.
ინოვაციების დღეების მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეების წახალისება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ღონისძიება USAID-ის პროექტ ZRDA -სთან, (G4G) ,,მმართველობა განვითარებისთვის’’ და „ელვასთან“ ერთად გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები