გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის კამპანიაზე: პრეზიდენტს უნდა, საკონსტიტუციო კომისიას ფუნქციებში შეეცილოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს უნდა, საკონსტიტუციო კომისიას ფუნქციებში შეეცილოს. მისი განმარტებით, ამ ქვეყანაში კანონმდებელი პარლამენტია და პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ფუნქციები არ უნდა წაართვან.
„საკონსტიტუციო კომისია შექმნილია და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პრეზიდენტმა, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა კენჭს არ უყრის, ეს დარჩება მის კეთილ სურვილად. შესაბამისად, ერთადერთი სწორი ფორმატი არის საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს და ორიენტირებულია შედეგზე, ე.ი. კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომელსაც მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ. რას ემსახურება ეს განხილვები პრეზიდენტის მხრიდან? მე არ მინდა ვიყო ძალიან კატეგორიული, მაგრამ მგონია, რომ ეს არის მცდელობამ რაღაც დისონანსი შეიტანოს განხილვებში, რაც ისედაც წარმოებს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. არა მგონია, ეს იყოს სწორი და ორიენტირებული მიზანზე. უბრალოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს უნდა საკონსტიტუციო კომისიას შეეცილოს იმაში, რაც არის საკონსტიტუციო კომისიის ფუნქცია და ეს არ არის პრეზიდენტის ფუნქცია და ვერ იქნება“, – განაცხადა ფოფხაძემ.
​მისივე თქმით, პრეზიდენტს უფლება აქვს, ნებისმიერი საკითხი განიხილოს საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ კონსტიტუციასთან მიმართებაში თუ გადაწყვეტილებების მიღება გვინდა, ამისთვის სწორი ფორმატი საკონსტიტუციო კომისიაა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო. იგი კამპანიის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები