პრეზიდენტი კონსტიტუციაზე: როგორ შეიძლება თავისუფალი ადამიანი დაემორჩილოს რაღაცას, თუ თვითონ არ აწერს ხელს

”როგორ შეიძლება თავისუფალი ადამიანი დაემორჩილოს რაღაცას, თუ თვითონ არ აწერს ხელს ამ წესებს და კანონებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ დაწყებული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში კახეთში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ისტორიულად, რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, შედეგები არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია.
„კონსტიტუცია არის ჩვენი თანხმობა, როგორც თავისუფალი მოქალაქეებისა ერთმანეთთან, რომ რაღაც წესებს დავიცავთ და ასე იქმნება თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი სახელმწიფო. ამ თანხმობიდან გამომდინარე, სწორედაც რომ იურისტები და კონსტიტუციონალისტები ქმნიან კონსტიტუციის მუშა და მოქმედ ტექსტს, ამიტომ, როცა გაჩნდა ინიციატივა კონსტიტუციის გადასინჯვის, მე ვთქვი, რომ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია, ვკითხოთ საზოგადოებას.
არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია საქართველოში და ეს გადასინჯვები იყო დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ისტორიულად, რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, მერე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია შედეგები.
სწორედ იმიტომ, რომ დავეხმაროთ ამ პროცესს, მე დავიწყე შეხვედრები საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გავიგო თქვენი აზრი, რა მიგაჩნიათ სწორად. ეს ეხება ყველა საკითხს. ეს ეხება თუნდაც იმას, როგორ უნდა მუშაობდნენ პოლიტიკოსები.
რა წესით და რა ლოგიკით უნდა იყოს მოწყობილი თვითმმართველობა, როგორი უნდა იყოს ხალხის ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მარტო არჩევნებზე, რა ემოციით და სულისკვეთებით, რა წესით უნდა ტარდებოდეს არჩევნები, იქნება ეს მაჟორიტარული სისტემა, თუ პროპორციული და ა.შ. ეს მაინტერესებს არა მარტო მე, არამედ აინტერესებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რათა ერთიანი სულისკვეთებით შექმნილი დოკუმენტი მივიღოთ. ამ დოკუმენტის წერის პროცესი უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტი გამთლიანების, უფრო მეტი გაძლიერების წინაპირობა.
შესაბამისად, მე დღეს მინდა ვიყო უფრო მსმენელის როლში. რასაც თქვენ იტყვით, ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს სჯა-ბაასი”, – მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები