“თი ბი სი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მეოთხე პუბლიკაცია გამოქვეყნდა

“თი ბი სი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, მეოთხე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.
როგორც “კვირას” “თი ბი სი ბანკიდან” აცნობეს, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარე­ბით 20.2%-ით) და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია. პარალელურად, 37.5%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში 38.6% შეადგინა. დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქ­სირ­და, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირ­ჩე­ოდა დეკემბერი (3 593 ტრან­ზაქცია).
თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3%-ით გაი­ზარ­­და. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში მაღალი წილით გამოირ­ჩე­ოდა კა­ხეთი (12.0%) და აჭარა (9.6%).
დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2016 წელს ყველაზე მეტი გა­ყი­დვა ვაკეში (6 892 ერთეული, თბილისის გაყიდვების 20.0%) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი შესაბამისად საბურთალო (5 909 ერთეული, 17.2%) და სამგორი (3 748 ერთეული, 10.9%) ინაწილე­ბდნენ.
2016 წელს ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მო­ცუ­ლობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა:
ახალი შენობების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 42.7%-ით გაიზარდა და 765 ერთეული შეადგინა (604 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 161 კომერციული უძრავი ქონება).
ახალი შენობების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 65.4%-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ.მ შეადგინა (1.16 მილიონი კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 0.28 მილიონი კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).
2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი, წინა წელთან შედა­რე­ბით, 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუ­ა­ლო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 033 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.37 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამ­გორი (547 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით – გლდანი (4.52 აშშ დოლარი).
დეკემბრის თვეში (წინა წელთან შედარებით) შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (11.7%-ით) და იჯარის ფასის (12.5%-ით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 087 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 10.28 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები