“ბათუმის მოვლენების შემდეგ, “ნაცმოძრაობა” გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად”

“ბათუმის მოვლენების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე ვფიქრობ, გუშინ დასრულდა დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ, ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად. გახსოვთ მათ სოლიდარობაც კი გამოუცხადეს ამ აქციას და დააანონსეს ამ აქციის მხარდამჭერი შეხვედრები მთელ საქართველოში. დანარჩენ საკითხებს უკვე გამოძიება გასცემს პასუხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატის თქმით, ბათუმის აქციის შესახებ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები. ამასთან, თალაკვაძემ გაიხსენა, რატომ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა.
„მოხდა იმიტომ, რომ ეს ჯგუფი თავის კოლეგებს სთავაზობდა ქვეყანაში ვითარების ძალადობრივი, რევოლუციური სცენარებით შეცვლას და ეს ღიად ითქვა მათ მიერ. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთს დავაკავშირებთ, ძნელი არ არის დასკვნების გაკეთება, რა როლი და ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები