გრიგოლ ლილუაშვილი: პრეზიდენტმა თავის დროზე უარი თქვა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულიყო
“ჩემთვის გასაკვირია, რატომ მოუნდა პრეზიდენტს ახლა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვა, როცა თავის დროზე, ამაზე უარი თქვა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობა ოპონენტებთან შეთანხმებით მოქმედებს და პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივები მხოლოდ ჯიბრია.
„თავის დროზე, პრეზიდენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთო თავისი წარმომადგენელი, როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, დღეს კი მაკვირვებს ის გარემოება, რომ დაინტერესებას იჩენს. თუმცა ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჯინიანობაა და არა რეალური სურვილი, რომ ჩაერთოს კონსტიტუციის მუშაობაში. დღევანდელ რეალობაში ხდება შინაარსობრივი აღრევა ფუნქციების, ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა და როცა რაღაც კრიზისული სიტუაციაა, ავტომატურად, კოორდინაცია გადადის პრეზიდენტზე და უშიშროების საბჭოში განიხილება პროცესები, მაშინ როცა მთელი მიმდინარე მოვლენების დროს, მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის აპარატს უწევს, ეს არ ჯდება ლოგიკის ფარგლებში. რეალურად, თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებისკენ მივდივართ, პრეზიდენტის როლი იძენს სიმბოლურ ხასიათს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.