გრიგოლ ლილუაშვილი: რაც მოხდა ბათუმში, ეს იყო პროვოკაცია

“გარკვეულ ძალას უნდოდა ბათუმში პროვოკაციის მოწყობა, ეს იყო მართული პროცესი”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბათუმის მოვლენების შეფასებისას განცხადა.
ლილუაშვილი თვლის, რომ ბათუმში წამოწყებული ინციდენტი გარკვეულმა ძალამ პოლიტიკური პროვოკაციისთვის გამოიყენა. ლილუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიეცა საშუალება, უკონტროლო ყოფილიყო ქალაქი.
„რაც მოხდა ბათუმში, ეს იყო პროვოკაცია, მე ჯერ თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, თუ ვინ იდგა ამის უკან, აქ იგრძნობოდა პოლიტიკური სარჩული, მე ვუყურებდი „რუსტავი-2“-ს და იქ გამოსულ ადამიანთა უმეტესი ნაწილი სოლიდარობის გრძნობით იყო განმსჭვალული მომიტინგეთა მიმართ, მაშინაც კი, როცა ქვებს უშენდნენ მოსახლეობას და ძალოვნებს. ეს ყველაფერი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლილუაშვილი თვლის, რომ ის განცხადებები, რომლებიც დემონსტრანტების მხრიდან ისმოდა, მიზნად ისახავდა კუთხურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებას, იგი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, როცა საქართველოს წინააღმდეგ წამოძახებულ რეპლიკებს აქციის მონაწილეები აჟიოტაჟით და ტაშით ხვდებოდნენ.
„საქართველოს საწინააღმდეგოდ რომ იქცევიან ახალგაზრდა ვაჟკაცი ადამიანები, ეს სამწუხაროა. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროცესები დაგეგმილი იყო გარედან. საქართველოს არასდროს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ განიცდიდეს მტრების ნაკლებობას. გეოპოლიტიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს აქ ნებისმიერ მეზობელს, აჭარა ყოველთვის იყო საჯილდაო ქვა თურქეთსა და რუსეთს შორის და არაა გამორიცხული, ეს აქედანაც მოდიოდეს, მაგრამ სამწუხარო ისაა, როცა ამ პროცესს ხელს უწყობენ ჩვენი თანამემამულეები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები