ირაკლი მამალაძე: არ არის გამორიცხული, პოტენციურ მსხვერპლთა წრე გაფართოვდეს

,,ეს ადამიანი ამ ნივთიერებით აპირებდა პატრიარქთან გამგზავრებას და იქ პატრიარქის მიმართ გამოიყენებდა საწამლავს, შორენას მოკლავდა თუ მთელ ამალას ამოხოცავდა, ამის წინასწარ გათვლა ძნელია, თუმცა ის, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად მკვლელობისთვის უნდოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ გაზეთ ,,პრაიმტაიმს” განუცხადა.
მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, შესაძლებელია, სავარაუდო მსხვერპლთა და ეჭვმიტანილთა წრე გაფართოვდეს.
,,რესტორან „მეფეთ უბანში“ გაკეთებული ფარული ჩანაწერით ცხადი გახდა, რომ ის ამ ყველაფერს იერარქიული წინსვლის კონტექსტში განიხილავდა. ის ამბობს, რომ დაიკავებს ან შორენას, ან მიქაელ ბოტკოველის, ან დავით ჭინჭარაულის ადგილს. ეს სამივე პიროვნება არის მისი უწმინდესობის უახლოესი გარემოცვა. წლებია, ისინი პატრიარქთან ერთად მოდიან და ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირები არიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, პატრიარქი რომელიმე მათგანს გაუშვებდა და მათ ადგილას გიორგი მამალაძეს დანიშნავდა?! ეს ხომ აბსურდია. დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ახალი პატრიარქის პირობებში. გარდა ამისა, ის ითხოვდა ციანიდის სასიკვდილო დოზას და დაინტერესებული იყო, შევიდოდა თუ არა რეაქციაში. იქვე საუბრობს ადამიანზე, რომელიც ტკბილეულს არ ჭამს და ამას ამბობს სწორედ ციანიდთან კონცენტრაციის კუთხით. ახლა ვისაც უნდა, რომ თვალი დაიბრმავოს, კი ბატონო, არაა პრობლემა. ზოგს მკვლელობის ამსახველი კადრებიც რომ დაუდო წინ, შეიძლება არ დაიჯეროს. ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე ჩემს სინდისთან მართალი ვარ და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში დარწმუნებულია, მით უმეტეს, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ. ეს ადამიანი ამ ნივთიერებით აპირებდა პატრიარქთან გამგზავრებას და იქ პატრიარქის მიმართ გამოიყენებდა საწამლავს, შორენას მოკლავდა თუ მთელ ამალას ამოხოცავდა, ამის წინასწარ გათვლა ძნელია, თუმცა ის, რომ ეს ნივთიერება ნამდვილად მკვლელობისთვის უნდოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩემი შთაბეჭდილებით, ეს იყო პირადად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა გამოძიებას თავისი სტანდარტები აქვს და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, შორენას მკვლელობის მომზადება დადასტურებულად მიიჩნიეს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, პოტენციურ მსხვერპლთა წრე, ისევე როგორც ეჭვმიტანილთა წრე, გაფართოვდეს”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს გიორგი მამალაძე ციანიდს არ ეძებდა და ეს ყველაფერი მიმართული არ იყო ადამიანის მკვლელობისთვის, სრული აბსურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები