თეა წულუკიანი: ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი, რომელმაც პოლიციელზე ხელი აღმართა, უნდა დაისაჯოს.
მინისტრის თქმით, საჭიროა ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას და დადგინდეს, თუ ვინ იდგა ამ მოვლენების უკან.
“ჩვენ ვიხილეთ ძალიან ცუდი ფაქტები. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს ჰქონდათ მიზნად, რომ მომხდარიყო დესტაბილიზაცია, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი მრავალეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიც ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ აჩვენა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები ვერ მოახდენს ჩვენი ინსტიტუტების შესუსტებას, მათ მორყევას. საჭირო იქნება გაირკვეს, თუ იდგა ამის უკან ვინმე და იყო თუ არა ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”,- განაცხადა წულუკიანმა.