გიორგი მღებრიშვილი: პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს.
როგორ მღებრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინ არ არის.
„გუშინ ეს მოვლენები შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად კატასტოფულად განვითარდა. არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩემი პირველი მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც უკვე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მანიფესტაციის მონაწილეები და მომიტინგეები, მე პრემიერისგან მივიღე დავალება, ჩავსულიყავი ბათუმში და ადგილზე მე თვითონ მეხელმძღვანელა იმ ღონისძიებისთვის, რაც შემდგომ ჩატარდა.
მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა ხდებოდა ბათუმში, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე, ბათუმის სამხარეო პოლიციის, ასე ვთქვათ დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მომიტინგეები.
პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა. ბოლომდე ვეცადეთ, რომ განგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე დავინახეთ, რომ შეუძლებელი იყო ეს და მომიტინგეები ზღვარს გადავიდნენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამწუხაროდ გამოგვეყენებინა ცრემლსადენი გაზი.
პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა, მაგრამ პოლიციელების მხრიდან რამდენიმე დაშავებულია”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები