ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საპროტესტო აქციას ოპოზიციურ ძალებს უკავშირებს

ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი ეხმაურება, რომელიც აქციის ორგანიზებას ოპოზიციურ ძალებს მიაწერს.
“მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ის რაც გუშინ მოხდა, იყო დაგეგმილი პროვიკაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იქ ვინც მონაწილეობდა, ძალიან ბევრი იყო საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსული, განსაკუთრებით საღამოს, ღამე… მე იქ ვიყავი საღამოს, ადგილზე იყო ზოგიერთი ფოთელი, ზოგიერთი ქუთაისელი,ზოგიერთი სამეგრელოდან, ზუგდიდელი…ისინი ამბობდნენ: აი, ნახეთ რა მოხდება, აი, ნახეთ რა ვქნათ… ახლო-მახლო ტრიალებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ სურდათ რაღაც საშინელება, უბედურება მომხდარიყო.
თვით ხალხიც კი, ადგილობრივი მოსახლეობა, აჭარის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული მოსახლეობა პირდაპირ ამბობდა, რომ ისე არღვევენ მძღოლები წესრიგს, განსაკუთრებით მარშუტკის მძღოლები, ფაქტიურად ყველა წუთში იქმნება საავარიო სიტუაციები. არათუ 20, 50 და 100 ლარი, 1000 ლარიც უნდა გამოწერონ. მართლაც თუ იმ პოლიციელმა დაარღვია წესრიგი და არასწორად გააკეთა რამ, ამაზე პასუხი უნდა აგოს რა თქმა უნდა, და ამაზე პასუხს აგებს კანონმდებლობის მიხედვით, მაგრამ შენ გამოხვიდე აქ და დაამტვრიო, დაამსხვრიო ყველაფერი, წინასწარ იგინებოდე, ეს არის მიუღებელი. სხვათა შორის, ძალიან მშვიდობიანად იყო მოსახლეობა და გაგებით ეკიდებოდა ყველაფერს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობდა, რომ უნდა მოწესრიგდეს ქალაქში ის საკითხი – აუცილებელია ჯარიმები, უნდა მოწესრიგდეს მოძრაობა ქალაქში, მოწესრიგდეს პარკირების წესი და სხვა. მე კიდევ ეჭვი მაქვს, რომ იქ იდგა ისეთი ხალხი, რომელიც წინასწარ იყო რაღაცისთვის მომზადებული.
​მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კიდევ დიდი უბედურება რომ არ მოხდა, ეს არის პოლიციის დამსახურება, ძალიან კარგად, სწორად და ადეკვატურად მოიქცა ჩვენი პოლიცია. აბა სად გინახავთ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში შენ დაამტვრიო, დაამსხვრიო ყველაფერი, რომელი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობა მოგითმენს ამას… თანაც იქ ნაწილზე მეტი იყო ნასვამი და ნაწილი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო ვიღაცის მიერ ორგანიზებული. ნურავის გაუკვირდება… წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვარ, როცა უნივერსიტეტში შემოგვივარდნენ და სასიკვდილოდ გვცემეს რექტორები და მასწავლებლები და არავის არ უნდა გაუკვირდეს ეს. მითუმეტეს, რომ პოლიციას კიდევ არ გამოუყენებია არავითარი ძალა, ისინი თავს იცავდნენ“, – განაცხადა ოთარ გოგოლიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები