ირაკლი კობახიძე გერმანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ დიასპორის წარმომადგენლებს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო.
მისი განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებაც ესაუბრა.
ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის მონიჭებით საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელსაც ევროპულ ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. მისივე განცხადებით, ევროსტრუქტურებში სრული ინტეგრაციისთვის აქტიური მუშაობა გრძელდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, განიხილეს საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის მნიშვნელობაც. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრას დელეგაციის წევრები – დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან: მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
„ძალიან საგნობრივი საუბრები იყო. იყო კრიტიკული მოსაზრებებიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და რიგ შემთხვევებში, ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს. შენიშვნები, რომლებიც დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან იქნა გამოთქმული, საყურადღებოა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საკითხები, ის გამოწვევები, რაზეც საუბრობენ ეს ადამიანები, მართლაც ყურადღებამისაქცევია და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან და მათ მიიღეს ამის დაპირება. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო დელეგაციების ფარგლებში, რაც შეიძლება, ინტენსიური სახე მიიღოს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებმა”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ყველას მოგვეცა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. საუბარი შეეხო ბოლო ოთხი წლის მოვლენებს საქართველოში, რეფორმებს, რაც გატარდა ჩვენს ქვეყანაში, იმ გამოწვევებს, რაც ქართველ ემიგრანტებს აქვთ გერმანიაში, რა შეიძლება კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, საქართველო-გერმანიის პარტნიორობას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას”, – განაცხადა დიასპორის წარმომადგენელმა, ლევან ნოდიამ.
ირაკლი კობახიძე გერმანიაში ვიზიტს აგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები