ბათუმში საპროტესტო აქციები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს

ბათუმში ამ დროისთვი საპროტესტო აქცია უკვე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. დაახლოებით სამასამდე ადამიანი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სამმართველოს შენობაში შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან.
ამასთან, აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.
ბათუმში აქციაზე სულ ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს.
 საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები