ზვიად კვაჭანტირაძემ ისრაელის პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ისრაელის ქნესეტის მიწვევით იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო დიასპორულ კონფერენციაში მონაწილეობს.
ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან პირისპირ შეხვედრები გამართა ისრაელის ქნესეთის და მთავრობის რიგ წევრებთან. შეხვედრების დროს საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა იყო. საუბრები შეეხო ასევე სამუშაო კვოტების საკითხს, რაზეც ისრაელის მთავრობა აპირებს თანამშრომლობის გააქტიურებას.
შეხვედრები შედგა ისრაელის ქნესეტის თავმჯდომარესთან იული ედელშტეინთან, მმართველი პარტიის “ლიკუდის” საპარლამენტო კოალიციის თავმჯდომარესთან დავიდ ბიტანთან, საგარეო და თავდაცვის საქმეთა ქნესეთის კომიტეტის თავმჯდომარესთან ავი დიხტერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან არიე დევისთან, მეცნიერების, ტექნოლოგიების და კოსმოსის მინისტრთან ოფირ აკუნისთან, გარემოს დაცვის, იერუსალიმისა და მემკვიდრეობის საქმეთა მინისტრთან ზეევ ელკინთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ციპი ხოტოველთან.
​თელ ავივში, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც შრომით მიგრანტთა ჯგუფს წარმოადგენდნენ. კონფერენციაში და შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი შოთა შალელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები