საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის, ნინო გოგუაძის, გიორგი ხატიძის, ირაკლი მეზურნიშვილის და ლელა ქებურიას შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა კანონმდებლებმა ამერიკელ კონგრესმენებთან: ტედ პოსთან, პიტერ როსკამთან, სკოტ ტეილორთან, მაიკ კონავეისთან, რობ ვუდალისთან, ადრიან სმიტთან, დეივიდ პრაისთან და მარკ სენფორდთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს, რომლებზეც აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრებზე კონგრესმენთა მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე, კერძოდ კი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნის როლი, რომელიც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ არის სამაგალითო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მნიშვნელობასა და საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრეს, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.
კონგრესმენებმა მსოფლიო უსაფრთხოების და ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი. შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესიც შეაფასეს, რაც მათივე განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს და საქართველოს თავდაცვის სისტემას ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს.
როგორც კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, ამერიკის კონგრესის მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონის შემდეგ ჩრდილეთ კაროლინას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები