პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმის – „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და პარლამენტის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმის – „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიება პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა.
„აუდიტის სამსახურის ეფექტიანობა განპირობებულია საქართველოს პარლამენტის ეფექტურობით, ჩვენი კომუნიკაციით. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს შეგვიძლია, თქვენ წინაშე წარვადგინოთ ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს ხელს ბიუჯეტის მონიტორინგს, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას“, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.
მოწვეულ სტუმრებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ზვიად ძიძიგურმა ვებპლატფორმისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.
„აუდიტის სამსახური არის ჩვენთვის ყველაზე უფრო აქტიური თვალები, ყურები, იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი, როგორ ხდება მისი განკარგვა. მათ საქმიანობაში აქვთ ძალიან საინტერესო კომპიუტერული პროგრამა ჩართული, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანს, ყველა დაინტერესებულ პირს ძალიან იოლად, მარტივად, გასაგებ ენაზე ექნება საშუალება, გაეცნოს, სად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, არა მარტო ცენტრალური ბიუჯეტისა, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის ჩათვლით. ეს ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას აუდიტის სამსახურთან და გავაგრძელებთ აქტიურ შრომას, რათა ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ, რომ აუდიტის სამსახური განვითარდეს და უფრო მეტად ჩადგეს ხალხის სამსახურში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის ხელმძღვანელის, დევიდ სმიტის შეფასებით, „ბიუჯეტის მონიტორი“ უნიკალური და მომხმარებელზე ორიენტირებულია.
„ის საინტერესო ხელსაწყოა, როგორც ზოგადად აქტიური მოქალაქეებისთვის, ასევე, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, რომ უკეთესად და აქტიურად გამოიყენონ ეს პლატფორმა და ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა რესურსები ბიუჯეტის კონტროლის განხორციელებისას“, – განაცხადა დევიდ სმიტმა.
ვებპლატფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და დეტალურად ისაუბრა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ.
მისი განცხადებით, ვებპლატფორმა არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ანალიტიკური და ინტერაქციულია.
„ვებპლატფორმის უნიკალურობა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ის საკმაოდ მოცულობით და სხვადასხვა წყაროებში გაბნეულ ინფორმაციას ერთ სივრცეში უყრის თავს, ასევე, იმაშიც, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით, ბიუჯეტის მართვის პროცესებთან დაკავშირებით, მომხმარებელს აქვს საშუალება, არა მარტო მიიღოს ინფორმაცია, არამედ დაინახოს, თუ რა სისტემური პრობლემები არსებობს ბიუჯეტის მართვის პროცესში. მომხმარებლებს შეუძლიათ, გააკეთონ პროგნოზები, ანალიზი, დაინახონ რისკები და მოიძიონ ინფორმაცია, თუ რა პრობლემები არსებობს საბიუჯეტო პროცესებში და რა არის მათი გადაჭრის გზები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ვებპლატფორმა (budgetmonitor.ge) პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები