საგარეო უწყება: ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე არ დამდგარა

“ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას”, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ეხმაურება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
”ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია, დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო, ამ პროექტის განხორციელება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
​სებასტიან კურცი საქართველოში 3 თებერვალს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამოცემა “bild”-თან ინტერვიუში კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები