იან კელი: საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები – უკან მიდიან

„მთავრობის ყველაზე მთავარი საზრუნავი თავისუფლებების შენარჩუნებაა და დამოუკიდებელი მედია ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
კელიმ 2009-2010 წლები გაიხსენა, როდესაც იგი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად მუშაობდა. მისივე თქმით, იგი უდიდეს პატივს სცემს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაშინ ყოველდღე, ბრიფინგზე, აიძულებდნენ მას, რომ გულწრფელი ყოფილიყო.
„ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვიყავი, მომხრე იმისა, რომ მედიამ ანგარიშვალდებულად ამყოფოს მთავრობა. 2009-2010 წლებში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად ვმუშაობდი, მაშინდელი ურთიერთობა მთავრობასა და მედიას შორის შემიძლია აღვწერო როგორც დაპირისპირებული ურთიერთობები, მაგრამ მე ასევე დიდ პატივს ვცემდი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღე ბრიფინგზე მოდიოდნენ. ისინი მაიძულებდნენ მე ვყოფილიყავი გულწრფელი, ღია. მე მართლაც, დიდად ვაფასებ მედიის მნიშვნელობას იმ კუთხით, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული დარჩეს და დემოკრატია შენარჩუნდეს. მთავრობის ყველაზე მთავარი საზრუნავი თავისუფლებების შენარჩუნებაა და დამოუკიდებელი მედია ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. საქართველო მოდელია ამ რეგიონისთვის ამ კუთხით. საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კი უკან მიდიან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. საქართველო სამაგალითო მოდელია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, საქართველო წარმატებული იყოს“, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი.
„ვგულისხმობ, ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც შეუძლია გამოხატოს საპირისპირო აზრი, თუნდაც მაშინ, როდესაც შესაძლოა, ამის მოსმენა რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიმართვაში მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა ხმის, მათ შორის მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა იყოს უზრუნველყოფილი. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხთან, რომ ხალხმა გაიგოს ეს კრიტიკა. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები