კახეთის გზატკეცილზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. საძირკვლის გამაგრება-გაძლიერება ხუთსართულიან ავარიულ კორპუსს უტარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ხიმინჯები, ლითონის ჯავშნით კი გამაგრდება დაზიანებული კედლები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს თბილისის მერი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს.
„კახეთის გზატკეცილზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლისა და კედლების გამაგრება. მთლიანად ხდება კორპუსის გარე ფასადის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სახლი საცხოვრებლად აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სპეც მონოლითი“ ახორციელებს. სამუშაოები სამ თებერვალს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები