დავით ზურაბიშვილი: ჩვენ მერი დავიბარეთ საკრებულოში და ვალდებულია, მოვიდეს
“მერის მოსვლას საკრებულოში 4 ფრაქცია ითხოვს და ვალდებულია, მოვიდეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ როცა თბილისის მერს დეპუტატები საკრებულოში იბარებენ, ის ვალდებულია, დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცეს. დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, საკრებულოს წევრები მერისგან მოსამართლე ნაზღაიძის ფართის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვენ.
„ჩვენ მერი დავიბარეთ საკრებულოში და ვალდებულია, მოვიდეს. მერისგან ჩვენ უნდა მოვისმინოთ მოსამართლე ნაზღაიძის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებები. 2500 კვადრატულ მეტრში ბატონ ნაზღაიძეს მისცეს 5000 კვადრატული მეტრი მიწა. მერი არ მოდის. საკრებულომ ჩააგდო განკარგულების პროექტი, რაც გვქონდა მომზადებული. თუ ეს შეცდომა იყო და არაა კორუფციული სქემა, დაისაჯონ კონკრეტული ადამიანები ვინც შეადგინა ეს სქემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.