საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელორუსიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელორუსიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე, ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსიაში – დავით კოტარია დახვდებიან.
საქართველოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სახელმწიფოს მეთაური ბელორუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრების შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.
გიორგი მარგველაშვილი ბელორუსიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, ბელორუსიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდება.
ქვეყნის პირველი პირი, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, დიდი სამამულო ომის ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე მრავალფუნქციური კულტურულ-სპორტული კომპლექსს „მინსკ არენა” და ბელორუსიის მაღალი ტექნოლოგიების პარკს დაათვალიერებს.
გიორგი მარგველაშვილი ბელორუსიის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს, ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად, მემორიალურ კომპლექსს “დიდების ყორღანი” ყვავილების თაიგულით შეამკობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები